მოდით, პირდაპირ ვიტყვი, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. უმადური ადამიანი ვარ. განსაკუთრებით – სიცოცხლის მიმართ. ვიცი, ჩემი ცხოვრება არ ყოფილა ვარდებით მოფენილი, მაგრამ, არც ეკლები იყო იმდენი, რომ დავესახიჩრებინე. ყველაფერი არ მაქვს ნანახი, მაგრამ ბევრი დამიგროვდა ჩემი 23-ი წლის მანძილზე.
“კმაყოფილება მომაკვდინებელი სენია…” არასოდეს ვარ რამით კმაყოფილი, ყოველთვის მეტი მინდა, მაგრამ მავიწყდება, რომ ისევ ბავშვი აღარა ვარ და რომ დროა, გავიზარდო და ჩემი სურვილებისათვის თავად ვიბრძოლო.
ხშირად ვწუყუნებ, რომ, აი ის რიგზე არ არის, ეს ასე არ უნდა იყოს, მაგრამ საკუთარი თავისაგან უფრო ნაკლებს მოვითხოვ, ვიდრე სხვებისაგან და ესაა ჩემი მთავარი პრობლემა.
რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქზე პროფილის სურათებს ვათვალიერებდი და აღმოვაჩინე (მერამდენედ…), რომ ჩემი ცხოვრება არც ისე მოსაწყენი და ერთფეროვანია, როგორც მომენტებში (აბ ბოლო დროს კი განსაკუთრებით ხშირად) მგონია.
რა თქმა უნდა, როცა ცუდად ხარ, გეჩვენება, რომ ამ ქვეყნად არავის ესმის შენი, ყველაზე ახლო მეგობრებსაც კი. მაგრამ ადამიანები ასეთი ეგოისტები რომ არ ვიყოთ…
ხანდახან ისეთი შიში მიპყრობს, როგორც ერთხელ ბავშვობაში დამეუფლა, როდესაც გავაცნობიერე, რომ ამ ქვეყნისათვს არაფერი სასიკეთო არ მოჰქონდა ჩემს არსებობას. მაშინ ცუდი აზრები უკუვაგდე და გადავწყვიტე, რომ ოდესმე “დიდი ადამიანი” ვქნებოდი.
სკოლის პერიოდშიც და მერეც ყველაფერი ადვილად გამომდიოდა. ღვთის წყალობით არც სულერად მიჭირდა.
ახლა კი ისეთ სიცარიელეს ვგრძნობ, რომ ხანდახან კანკალით მეღვიძება. მომენტებში მგონია, რომ სულაც არა ვარ ის ძლიერი ადამიანი, რომელიც მჯეროდა და გარშემომყოფთ სჯეროდათ, რომ ვიყავი და სინამდვილეში ერთი მხდალი “მკვეხარა ქოთანი” – კი არა და ქართული მულტფილმი რომ არის, წრუწუნასა და ჯადოქარზე (აი, რომ მღერის: “აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, იქეთ გორასა ძვრას ვუზამ”), აი, ზუსტად ის თაგვი ვარ – მშიშარა თაგვი, რომელსაც საკუთარი აჩრდილისაც ეშინია.
ახლაც, მომდგარი ცრემლებისაგან თვალები მეწვის. ამ ყველაფრის გაანალიზება, რომ ერთი უსუსური არსება ხარ, ძალზედ დამთრგუნველია.
ამ ქვეყნად რამდენი ადამიანია, რომელსაც ჩემზე ბევრად მეტი პრობლემა აქვს და უშიშრად დგას! მე კი წინ ვინ იცის, რა მელის და მერე როგორ გავქაჩავ… როგორ მინდა, ყოველ ახალ დღეს ახალი იმედით მივეგებო, ხოლო იმ დღეებში, როდესაც ამომეწურება იმედის მარაგი, ჩემთვის ძვირფასმა ადამიანებმა მითხრან, რომ ნუ გეშინია დია, ჩვენ შენთან ვართ და ყველაფერი კარგად იქნებაო…
ხოდა, თუ ეს ყველაფერი წაიკითხეთ, დააკვნიდით, რომ ერთი უმადური არსება ვარ, რომელსაც ავიწყდება, რომ გაიზარდა და რომ სწორად ესაა სიცოცხლე, რომლისთვისაც დასაბამითგან ემზადებოდა…
ახლა ვხვდები, რატომ ნატრობს ხალხი უზრუნველი ბავშვობის წლების დაბრუნებას.
მორჩა დია! შენ გაიზარდე და ცხოვრებას ზრდასრული ადამიანივით გაუმკლავდი! შენ ეს შეგიძლია. მადლობა უფალს, ყველაფერი წესრიგში გაქვს და ხელოვნურად ნუ უქმნი შენს ფსიქიკასა და ჯანმრთელობას პრობლემებს.
ხანდახან იწვიმებს, ითოვებს, აი, ასე, გადაბმულად… მაგრამ აუცილებლად გამოანათებს მზე და მთავარია, როცა ეს დღე დადგება, სახლში ფარდებს ამოფარულმა არ გამოტოვო ის, რასაც ამდენ ხანს ელოდი.
უბრალოდ, არ დაგავიწყდეს ადამიანები, რომელთაც უანგაროდ უყვარხარ და შენთვის ძალზედ ძვირფასები არიან. ამ ქვეყნად არაფერი ღირს შენი ნერვების მოშლად, რადგანაც ნერვული უჯრედების გარდა ყველა სხვა უჯრედი აღდგება… Brace yourself!
41.709981
44.792998
Like this:
8 bloggers like this post.