ძალიან დიდი ხნის წინ მირჩია დაჩიმ. ჯერ კიდევ ორი წლის წინ მსურდა ამომებეჭდა, მაგრამ მერე აუდიოვერსია გადმოვწერე და საკმაოდ წარმატებულადაც ვისმენდი, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ეს ისეთი წიგნია, რომელიც უნდა წაიკითხო – თვალით აღიქვა და არა ყურებით. ყოველ ახალ თავში იყო ისეთი ფრაზა, აბზაცი, რომლის ამოწერა ან გახაზვა მინდებოდა და გადავწყვიტე, სამომავლოდ გადამედო ფონს გასვლა იმ მომენტისათვის, როცა ბეჭდური ვერსია ჩამივარდებოდა ხელთ.
მას შემდეგ, რაც ქინდლი შევიძინე, ვიფიქრე, ჩავუჯდები… მაგრამ რატომღაც გული ვეღარ დავუდე, გამეწელა. 14 წიგნის პარალელურად კითხვამ თავისი გაიტანა და ლოკოკინასავით ნელა ჩავედი ბოლომდე.
ნაწარმოები უაღრესად საინტერესოა. ალაგ-ალაგ, მძიმედ იკითხება. ძალიან ბევრის მომცემია, უამრავ რამეზე გაფიქრებს ადამიანს. სიტუაციები – ორიგინალრი და ნამდვილი, არაშეთითხნილი და თითიდან გამოწოვილი, როგორიც 99 ფრანკის შემთხვევაში იყო.
მოვლენები ახალგაზრდა ექიმის ირგვლივ ვითარდება, რომელიც ქალებს ხელთათმანივით იცვლის. საყვარლები, მეგობარი ქალები და ტერეზა, რომელიც ციდან ჩამოვარდნილი ვარსკვლავივით დაატყდება ტომასს თავს.
თავიდან ბრაზობ კაცზე და ქალი გეცოდება. ბოლოსკენ ვითარება იცვლება და პირიქით, ქმარი გეცოდება -ცოლზე ნერვები გეშლება.
სიმბოლურია ტერეზას სიზმარში ტომასის ბაჭიად ქცევა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კაცს, რომელიც გიყვარს, მოარჯულებ, შენი სიყვარულით დაატყვევებ და ის თანდათან იცვლება. ისეთი ხდება, როგორიც გინდოდა, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდება, რომ მან თვითმყოფადობა დაკარგა. რთულია, როდესაც ამას მწარედ აღიქვამს ეს უკანასკნელი, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში ტომასს მყარად აქვს გადაწყვეტილი, მისი სრთადერთი საზრუნავი ტერეზას ბედნიერებაზე ფიქრი იყოს.
კარენინის (რომელიც მდედრობითი სქესისაა, მაგრამ მაინც მამრის სახელი ჰქვია) სიკვდილის შემდგომ, ქალი ხვდება, რომ საწადელს მიაღწია, მაგრამ ის რაც სურდა, ის არ იყო, რაც სჭირდებოდა და რომ მთელი ცხოვრება არასწორად წარმართა, ჩიხში აღმოჩნდა. აუტანელია შეგნება იმისა, რომ ბოლო გაჩერებაზე იმყოფები, მაგრამ მაინც მშვიდად ხარ და გეიმედება, რამდენადაც ეს გზა ერთად გაიარეთ შენ და მან.
ყველაზე მეტად მაინც ტომასის შვილი იწვევს სიბრალულს, რომელიც უმამოდ გაიზარდა და მთელს ცხოვრებას მის ყურადღებას ეძებდა. მშობელი საუკუთარი თავისთვისაც კი სრულიად აუხსნელი მიზეზით გაურბის ვაჟთან ურთიერთობას და არც გამოგზავნილ წერილებზე პასუხობს.
უფ, რამდენი მიწერია, ამდენის თქმას ნამდვილად არ ვაპირებდი. მოკლედ, დანარჩენი თავად წაიკითხეთ. სიუჟეტი სულ რომ არ მოგეწონოთ, შიგ იმდენ საინტერესო რამეს იპოვნით, არ ინანებთ.
41.709981
44.792998
Like this:
3 bloggers like this post.