წუთებს შორის მანძილსა და მანძილებს შორის წამის ყოველ მეასედში… შენ…
რამდენჯერ ვცადე თავი დამეღწია, ვინც იცის…
და მაინც… აჰა, აქა ვდგევარ, სხვაგან და სხვაგვარად არ ძალმიძს…
წუთებს შორის მანძილსა და მანძილებს შორის წამის ყოველ მეასედში… შენ…
რამდენჯერ ვცადე თავი დამეღწია, ვინც იცის…
და მაინც… აჰა, აქა ვდგევარ, სხვაგან და სხვაგვარად არ ძალმიძს…
თავზე ნიშნით… 
ბიცოლაჩემის განჯინაში ვიპოვნე… სულ პატარა. მწვანე (ისედაც ცხადია, რომ ყველა კუ მწვანეა, უბრალოდ, ჩემს საყვარელ ფერზე ვაკეთებ აქცენტს და მიგანიშნებთ, რომ ძალიან სიცოცხლეა). ჯერ ჯავშანიც არ ჰქონდა კარგად გამაგრებული.
თავზე აკრძალვის ნიშანი ამჩნევია. აი, ზუსტად ისეთი, “სდექს” რომ აქვს ხოლმე ირგვლივ, ოღონდ ამას შიგ არაფერი აწერია და არც წითელია. მწვანეა, როგორც გითხარით.
სხვებს არ ჰგავს. ძალიან სწრაფად მოძრაობს. იმაზე სწრაფად, ვიდე ჩემი ენაგადმოვარდნილი ფრანგული ბულდოგი მიმაქანებდა ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტლის მიდამოებში.
ვგრძნობ, რომ დავიღალე. იმ ძაღლის მსგავსად, ამასაც ენა გადმოვარდნია. აფთიაქში შევედი, ექიმთან.
ის კი მეუბნება, რომ ჩემი კუ თვითმკვლელია, ისევე, როგორც მისი პატრონი. Continue reading
ილია ამბობდა განდეგილში: “მამისა ურჩსსა გამიგონია, გზა თურმე არსით არ წარემართაო”…
ამით იმის თქმა მინდა, რომ ნესტან-დარეჯანმა თავადვე გაწირა სატრფოცა და საკუთარი თავიც, როდესაც მამასთან თათბირის გარეშე გაგზავნა ხატაეთს ლაშქარი. ამით მიანიშნა, შენი მატარებელი დიდი ხანია, მამიკო, წავიდაო…
იმანაც, მე შენ(თქვენ) გიჩვენებ(თ) ვინ არის აქ ხელმწიფეო და დამართა “შვილებს” ის, რის გამოც დიდ ხანს იტანჯნენ მიჯურნი.
ბრწყინვალედ იცოდა ფარსადანმა, რას მოიმოქმედებდა ტარიელი მას მერე, რაც კონკურენტი ჩამოუვიდოდა ნესტანის ხელისა და ტახტის შემეცილე…
და ფაქტობრივად, გაწირა უდანაშაულო ადამიანი, ისევე, როგორც ტარიელმა არ დაინდო სასიძოდ გამზადებული ხორეზმშას ძე.
ამიტომაც არ მომწონს ნესტანის მამა, ქვეყნის სტაბილურობა შესწირა მის ახირებებსა და ამპარტავნობას.
ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც იდეალურთან არის მიახლოებული, მართლაც რომ როსტევანია. თინათინის და როსტევანის გარდა ყველამ დაიმსახურა ის ტანჯვა, რაც მათ ეწიათ და ბოლოს იმიტომ მიაღწიეს ბედნიერებას, რომ კათარზისი (სულიერი განწმენდა) განიცადეს… ანაც, უბრალოდ რუსთაველს სურდა ასე.
მართლაც რომ გენიალური პოეტია და ჯერ კიდევ დაუფასებელი, ისე, როგორც საჭიროა.
მადლობა თამარას, ამ პოსტის წერის ხასიათზე რომ მომიყვანა.
– იქნებ ვინმემ მითხრას, რომ ავთანდილი უაღრესად ცბიერი და პრაგმატული არაა?
მას ხომ კარგად შეუძლია, ქალი (ასმათი) თმით დაითრიოს და ამ გზით თუ ვერაფერს მიაღწია, მეორე წუთში ცრემლები გადმოუშვას; ხოლო როდესაც საქმეს სჭირდება, აქაოდა, შენ ქალს (ფატმანს) დამუქრება როგორ გაუბედეო, დასასვენებლად წამოწოლილი კაცი მოკლას და თითიც მიაჭრას (ისე, უბრალოდ!). ისიც კარგად შეუძლია, აღშფოთდეს, მე, ესოდენ ჩაუქ და ღირსეულ რაინდს უღირსმა ქალმა სამიჯნურო წერილის მოწერა როგორ გამიბედაო (“ყვავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია”), მაგრამ მერე მიხვდეს, თუ რა სასარგებლო ინფორმაციას ფლობს ეს ქალი და უარი არ თქვას ერთჯერად ურთიერთობაზე. საოცარი კი ისაა, რომ ავთანდილს მაინც ფატმანის გზის მანათობელ შუქურად განვიხილავ(დი)თ. წაიკითხე სრულად…
არც მთლად ისეთი, როგორსაც ავტორი გეგმავდა, თუმცაღა, საკმაოდ კანონზომიერი.
ჯერ ამათ გადახედეთ.
ამონარიედბი მოთხრობიდან, რომელსაც არ ეღირსა დასრულება…
ამონარიდი VII – რომელმაც თქვენში განსაკუთრებული სიმპათია დაიმსახურა…
როცა ღამე გვიანობამდე ვერ ვიძინებ, ამას აქვს თავისი მიზეზი. ე.ი. აზრები მსტუმრობენ და რაიმე უნდა შევქმნა. მერე რა, რომ საბაბი 2 თუ 3 ჭიქა ყავაა. აი, სწორედ ახლა, 5:25-ს რომ უჩვენებს ჩემი დებილურის (მობილურის) საათი, ვანთებ შუქს და იმას ვაკეთებ, რაც დიდი ხნის წინ უდნა გამეკეთებინა. ი-ს თავზე წერტილს ვსვამ, როგორც რუსები იტყვიან…
ჩვენ, ტყუპებს ხასიათის ერთი ცუდი თვისება გვაქვს, ენთუზიაზმით ვეკიდებით ყოველ ახალ საქმეს – ხშირად, რამდენიმეს ერთად და ბოლომდე არცერთი არ მიგვყავს. თუ ვასრულებთ, ე.ი. იძულებულნი ვიყავით ასე მოვქცეულიყავით. მაგალითად დროში ვიყავით შეზღუდულები. ხოლო, ის, რაც ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევასრულოთ – დღის სინათლეს ვერ ნახულობს.
მე “განსაკუთრებით ზარმაცთა კატეგორიას” მივეკუთვნები, თუმცაღა, როცა საქმე მე მეხება. სხვის საქმეებს სათანადო პასუხისმგებლობითა და გულისყურით ვეკიდები. 3 დაწყებული და არცერთი დაუსრულებელი მოთხრობა. იქნებ 4? გატყუებთ, მინიმუმ 7 (ამის გარდა)… და მხოლოდ 3-4 წერტილდასმული.
ეს ჩანახატი კი იმის დასტურია, რომ ჩემი ცხოვრების შეცვლა მინდა. მერე რა, რომ დასასრული ისეთი არ იქნება, როგორსაც ვგეგმავდი?! არც იმ სტილით იქნება შესრულებული, რომლითაც წერას შევუდექი.
რამდენადაც ეს მოთხრობა მეტად ავტბიოგრაფიულია, ვიდრე სხვა დანარჩენი… (და ვიდრე თქვენ გგონიათ…) …გაბრაზებული ტონიც მეპატიება. ალბათ საკუთარ თავზე უფრო მეშლება ნერვები, თუმცაღა, ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს?! იგი ასახავს ჩემი ცხოვრების ცვლილების თანმიმდევრულობას. დასაწყისში ბავშვური ოცნებებით…
შუაში მოლოდინით აღსავსეს, ბოლოსკენ ჯერ კიდევ უკანასკნელი იმედით განათებულს და ბოლოს – ცინიზმით აღსავსვეს. შესაბამისად, მოვლენათა განვითარებაც არღვევს მის გეგმაზომიერებას, რადგანაც, ცხოვრება არასოდეს ვითარდება ლოგიკურად. სცდება წინასწარ გათვლილს და თუ ამ ახლი სტილისა და ტონისათვის ადრე ბოდიშს მოგიხდიდით (და არა გადაგიხდიდით, დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ და გამართული ქართულით იმეტყველეთ/წერეთ… პ.ს. თუ ამ ნაწერში შეცდომას ჩემზე ადრე აღმოაჩენთ, არ შემომედავოთ, მთელი ღამე არ მძინებია).
აღარ შევუდგები რუმინეთის ამბების მოყოლას. ერთადერთი, რაც აღსანიშნავია, “სიგარეტმწეველას” (ამ გადმოსახედიდან სხვა სახელს არ იმსახურებს) მიერ გამოვლენილი ზედმეტი სითბო და ყურადღება იყო ჩემდამი. ანუ ჩვენი “სკაიპ-ბლაბლაბლას” ლოგიკური გაგრძელება (მაშინ ლოგიკისა კიდევ მჯეროდა).
გადავალ მთავარზე და გეტყვით, რომ აიპოდის სმენისას თვალები მიმერულა და ჩამთვლიმა. ბიჭები კი ისხდნენ და რომ შეზარხოშდნენ, არ ვიცი, რა სენტიმენტები მოაწვათ და გულახდილობის საღამო მოიწყვეს. იმ იმედით, რომ მეძინა და მათს საუბარს ვერ გავიგებდი, თამამად ამეტყველდნენ…
ამ ყველაფრის მოსმენამ ისე იმოქმედა, დარჩენილი გზის მანძილზე თვალები არ გამიხელია. სიზმარში მეგონა თავი, ოღონდ, ამ ჯერად კოშმარში. თითქოს თითოეულის ნათქვამს რაღაც კავშირი, საერთო ჰქონდა ჩემთან. არა, ყველაზე საინტერესო მაინც ბოლო აღსარება იყო, რომლის ავტორიც სიგარეტის გაბოლებას უკვე კუპეშიც არ ერიდებოდა.
მატარებლიდან გადმოსულმა ჭარბად ჩავისუნთქე ჰაერი. იქაურობას მსურდა სწრაფად გავცლოდი. და დაუმშვიდობებლად გამოვიქეცი. მაგრამ შუა გზაზე წამწვდა ხელი და ის, რაც იქ მეოთხემ თქვა, ხელმეორედ ჩამესმა.
-დაღლილი ვარ და დასვენება მინდა მეთქი.
ხელი გამიშვა… ერთად რომ წარმოვიდგინე თავი, რაღაც უცნაური შეგრძნება დამეუფლა. თითქოს ჩემსას მივაღწიე და გაგრძელება აღარ მსურდა. თუმცა, არ ვიცი, რამ იმოქმედა ასე… ჩემმა გამოქცევამ თუ ყოველივე იქ თქმულის გაცნობიერებამ (მაინც, რა შუაში იყო ეს ყველაფერი?!)…
დასვენება დიდხანს გაგრძელდა და მხოლოდ ერთი წლის შემდგომ შეწყდა, ჩემი დაბადების დღე რომ დამათენდა. ისიც, მხოლოდ მოკლე მოლოცვას მოიცავდა.
უფალი იყო მოწმე, ცოტა მდგრადობა რომ გამოეჩინა იმ ადამიანს… ამ ურთიერთობას არავითარ შემთხევვაში არ დავასრულებდი ასე უაზრო მოკითხვებით… მხოლოდ ცოტა დრო მინდოდა. დრო კი იმდენი მომცეს…
მას მერე კარგა ხანი გავიდა. და ახლაც ისე ვარ, როგორც პატარა ბავშვი. ამ ყველაფრიდან ვერაფერიც ვერ ვისწავლე. ფოჩებიან კანფეტს მჩუქნიდნენ და არ გამოვართვი, იმიტომ რომ ტორტი მინდოდა, ახლა კი ცხრა ტორტს იმ ერთ ფოჩიან კანფეტზე გავცვლიდი, მაგრამ აღარ შემოაქვთ ბაზრობაზე. მაინც დაუსრულებლად ვეძებ. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, არც გემრელი იქნება და მალეც გათავდება, მერე კი მხოლოდ ფოჩი შემრჩება…
ამ დროს წერას ვწყვეტ, რახან მამა შემოდის ოთახში და რას შვებიო, მეკითხება. მე კიდევ ის ის იყო სანათებელი გამოვრთე, რადგანაც მზემ ამოაჭყიდა 6:44.
-არ გძინებია? (როგორ ვუთხრა, რომ თვალიც ვერ მოვხუჭე?!)…
-გამეღვიძა მეთქი, – ვცრუობ და ხვდება, რომ ვიტყუები.
დასავლეთში მივდივარო, – გამომიცხადა და ავდექი, გამზადებაში მივეხმარე.
რომ გავისტუმრე, კომპთან დავჯექი და დავიწყე ხელით ნაწერის კლავიატურაზე ბეჭდვა და მოვედი აქამდე.
რამდენიმე ფრაზასაც დავამატებ და ალბათ, სულ ეს იქნება…
უკვე გავიზარდე. აღარ მჯერა თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცების. იმიტომ, რომ ვინც თეთრ რაშზეა ამხედრებული, ის პრინცი არ არის. და პრინცი კიდევ ბავშვია… მე კიდევ, ამ წამს მივხვდი, რომ გავიზარდე. ამ პოსტით. მთელი წელიწად-ნახევრის შემდეგ. და რაც უნდა მოხდეს, ისედაც მოხდება – უჩემოდაც…
ერთადერთი, რაზეც ახლა ვფიქრობ ყველაფრის მოსწრებაა…
უნდა ჩავბარგდე, მოვწესრიგდე და ჩემების მოსვლამდე სახლი ისე დავაწკრიალო, არ ეტყობოდეს, რომ დედა 20 დღე შინ არ ყოფილა; მერე სამსახურში უნდა წავიდე, საღამოს ბიძაშვილებთან და იმედია, ხვალ (რაღა ხვალ?! უკვე დღეს) მაინც ადრე დამეძიენბა. თუ არა და, ვერც ხევსურეთში გამოვიძინებ ჩემი უსაყვარლესი შემოქმედის სძილე ტომარაში.
(აქვე, მადლობა ქალბატონ ნატოს, თუ ამას წაიკითხავს: მიხარია, რომ თქვენისთანა ადამიანები ჯერ კიდევ არსებობენ).
გავეშურები ხევსურეთში. თავს დედა-ბუნებას მივანდობ და ვინ იცის, იქნებ შემდეგი მოთხრობაც ჩამოგიტანოთ… ოღონდ, ამჯერად, არანაიცი პრინცები და არანაირი რაშები. გპირდებით!
და კიდევ. ყველა პერსონაჟი გამოგონილია!! ნებისმიერი მსგავსება რეალურ პიროვნებასთან აბსოლუტურად შემთხვევითია. (თუ მაინც ფიქრობთ თქვენზეა, წადით, თავი მოიკალით, ეგეც თუ გერთულათ, ჯამი აავსეთ წყლით, მაცივარში გააციეთ და ისე დალიეთ, თორემ, ონკანიდან ოქტომბრამდე ცივ წყალს ვერ ეღირსებით).

თავად აირჩიეთ, რომელიც გირჩევნიათ.
დიდი ხანია, ბლოგზე წერის მუღამი დამეკარგა. ზურიუსის თქმის არ იყოს, ჩემი ბლოგი “სერიალს ჰგავს”. თან, ბრაზილურს უნდა ჰგავდეს და ვენესუელურს ჰგავს. ანუ ეგეც არ გამომდის.
ეს პოსტი, აქედანვე მინდა ვთქვა, რომ ჩემს ციყვს ეძღვნება.
გუშინ სკაიპში ვსაუბრობდით გვიანობამდე. ეს გამონაკლისია, იმიტომ, რომ 10 სათზე, როგორც წესი სძინავს ხოლმე. იმას ვამბობდი, ძილის წინ თუ არ ვიოცნებე, ისე ვერ ვიძინებ მეთქი. ამაზე დაღონდა და მიპასუხა, ერთ დროს მეც მასე ვიყავი, ახლა რომ მოვდივარ სახლში, ბალიშზე თავის მიდება კმარა და ეგრევე სიზმრებს ვხედავ, თან ისეთს, ცხადის გაგრძელება მგონია და სუფთა კოშმარიაო.
დღესაც ვსაუბრობდით… ამჯერად, პირისპირ. და გავაგრძელეთ წუხანდელი თემა.
მოვუყევი, როგორ გავმაზე წინა კვირას ბორჯომში წასვლა ბიძაშვილებთან ერთად და დღეს ლისის ტბაზე გარუჯვა იმავე ხალხთან იმავე მიზეზის გამო. მეძინა დილით.

თქვენთვის, ალბათ, აღარ არის საიდუმლო, რომ დილის ძილი ძალიან მიყვარს და ბევრ რამეს მირჩევნია.
მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი ღირშესანიშნა-ობებისთვის ადრე ვერ ავდგები. მამაჩემმა სძინავსო და არ გამაღვიძა. ალბათ, უფრო, მარტო არ უნდოდა მთელი დღის გატარება, თორემ, გაშვებით არ მაქვს არსად წასვლაზე პრობლემა. მითუმეტეს ნათესავებთან ერთად. საყავრელი მამა. მოკლედ გაბრაზებამ მალევე გადამიარა.
მგონი, თემას ავსცდი. ხოო. დილის ძილი იმიტომ მიყვარს, რომ სიზმრის შებრუნება შემიძლია. თუ კარგ სიზმარს ვხედავ, მის გაგრძელებას უეჭევლი ვნახულობ, 9-ჯერ მაინც რომ გამაღვიძონ. და ამიტომ მიჭირს სიზმართან განშორება, რადგანაც, იგი გაცილებით საინტერესო და ტკბილია, ვიდრე ჩემი ყოველდღიური ყოფა. მოკლედ. მომბეზრდა ყველაფერი.
პოსტს კი Adagio იმიტომ ჰქვია, რომ ყველაზე მეტად დგას ამ წუთს ეს სიმღერა და მისი ტექსტი ჩემს სულიერ განწყობასთან. მიყვარხართ, ყველანი, ვისაც ჯერაც არ მოგბეზრებიათ ჩემი უინტერესო საპნის ოპერა. პ.ს. ოპერაზე ადოს “ოპერის ფარდა” გამახსენდა. ლოლ.